რომეო მიქაუტაძე ბრალს აღიარებს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, სამი წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ. მადრიდში მდებარე ბინა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარე აგარაკი, შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი, „მერსედესის“, „ლენდ როვერის“ და „ლექსუსის“ მარკის ავტომობილები, ოთხი ძვირადღირებული საათი, ოქროს ზოდები და ღირებული მონეტები. ჩამორთმეული ქონების ჯამური ღირებულება, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი.