რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა – გამოხმაურება
საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებენ პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიპლომატების ცვლილება ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობას კარდინალურად ვერ შეცვლის. პენსიაზე გასულ დანიგანს წარმატებას უსურვებს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. რობინ დანიგანი ელჩის თანამდებობას საქართველოში ორი წლის განმავლობაში იკავებდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის ივლისში წარადგინა. ამავე წლის ოქტომბერში კი, ამერიკის ელჩი დიპლომატიურ საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.