რობერტა მეცოლას განცხადება

ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. რობერტა მეცოლამ ამის შესახებ სტრასბურგში რადას სპიკერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესი რთულია და ყველა ქვეყანას აქვს თავისი გზა და მათ უნდა დააკმაყოფილონ ტექნიკური მოთხოვნები.

ამასთან, მეცოლამ აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც უკრაინელები ევროპელების ომს ომობენ, არ შეიძლება მათთვის ზურგის შექცევა. მისივე განმარტებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ქვეყანა იღებს არაერთ სარგებელს, როგორიცაა ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაცია, ასევე სხვადასხვა პროგრამებში და სტრუქტურებში მონაწილეობა და ეს განსაკუთრებით უკრაინისთვის რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ მეცოლასთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოვიდა სიტყვით.