სლოვაკეთი რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უკრაინის მიმართ საპასუხო ზომებს განიხილავს, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის საბოტაჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონი ევრო იქნება. მისივე თქმით, 7 იანვარს სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები ტრანზიტის შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ. „პარტია „სმერ“-ის სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე, ასევე სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე“, – აღნიშნა ფიცომ.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა. პარალელურად 2025 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს ევროპაში გაზის ფასმა 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტო გაზის გაძვირებას სამი ფაქტორის კომბინაციით ხსნის. პირველ მიზეზად ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება დასახელდა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანამ კომპრესორის გაუმართაობის გამო მუშაობა 9 იანვრამდე შეაჩერა. მესამე ფაქტორად კი ჩრდილოეთ ევროპაში ცივი ამინდი სახელდება, რამაც გაზის მოხმარება რეგიონში გაზარდა.