რიკარდ იოზვიაკის სტატია
 „ევროკავშირი საქართველოს მკაცრად ესაუბრება – მაგრამ რბილად იქცევა“ – ამ სახელწოდებით სტატიას აქვეყნებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი. წერილში საუბარი ძირითადად საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე და იმ დედლაინზეა, რომელზეც ბრიუსელი მიუთითებს – ანუ აგვისტოს ბოლოზე. იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სანქციები – აქტივების გაყინვა და ორი მოსამართლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა არ განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა მოსამზადებელ შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ ასეთ ზომებს მხარს არ დაუჭერენ. „დისკუსიის შესახებ ინფორმირებულმა ევროპელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ხანმოკლედ ისაუბრეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად კონსენსუსია საჭირო, რაც არაა, შეთანხმდნენ, რომ სანქციაზე მუშაობა უფრო დაბალ დონეებზე გაგრძელდება. ეს ცხადი ნიშანია, რომ ამ ტიპის შემზღუდავი ზომები მალე არ იქნება მიღებული“, – ვკითხულობთ სტატიაში.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, იოზვიაკი წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ზომა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს და, შესაბამისად, არაპროპორციული იქნება.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი აგვისტოში არ მუშაობს, ისევე, როგორც ევროკავშირი. საგარეო საქმეთა მინისტრები დანიაში არაფორმალურ შეხვედრაზე 29-30 აგვისტოს შეიკრიბებიან, შემდეგ კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე – სექტემბერში. მაგრამ მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება.
„როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრებისთვის უფრო მოსახერხებელია, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის ანგარიშს ან ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს დაელოდოს, რომლებიც წლის ბოლოს გამოქვეყნდება“, – წერს იოზვიაკი.