რიგგარეშე არჩევნები

პირველ ოქტომბერს გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური და გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რის შემდეგაც საარჩევნო ადმინისტრაციაში ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა. მისი თქმით, შიდა ქართლსა და კახეთში, ჯამში 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება და მათგან 103 უბანზე კენჭისყრა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარდება. 30 საარჩევნო უბანზე კი შედეგებს კვლავ ძველი მეთოდით, ხელით დაითვლიან, თუმცა ბიულეტენები გაციფრდება, უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გორსა და კასპში შუალედური და გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.