„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ამოქმედდა

რეზონანსული და სადავო კანონი ამოქმედდა. ამერიკაში მოქმედი ფარას ქართული ანალოგი პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან ორ თვეში ძალაში შევიდა. კანონი პირდაპირი თარგმანია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის, იგივე ფარას, რომელიც აშშ-ში 30-იანი წლების ბოლოს მიიღეს. კანონი რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების წარდგენას ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისგან“ განსხვავებით, რომელიც გაუქმდა, ფარა-ს ქართული ანალოგი ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. კანონმდებლობის მოთხოვნებს პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვანაირად კითხულობენ. ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ამოქმედებული კანონისგან განსხვავებით, ამერიკული ფარა არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებზე არ ვრცელდება. დავამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლა. ორი დღის წინ ამოქმედებული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოსალოდნელ რეპრესიებზე მიუთითებს და კანონის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.