საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავს „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული მიმართულების დაგმობას და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერის დადასტურებას“.
რეზოლუციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უსამართლო პირობებში ჩატარდა – სახელმწიფო რესურსების ბოროტი გამოყენებით, მიკერძოებული მედია გაშუქებით და ამომრჩევლებზე ზეწოლით. ამასთან, დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც და აღნიშნულია, რომ ის კვლავ მძიმე პირობებში რჩება პატიმრობაში. რეზოლუციის თანახმად, მოსკოვი მზარდ იდეოლოგიურ და სტრატეგიულ ზეგავლენას ახორციელებს საქართველოში, ამიტომ რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას: მხარი დაუჭიროს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიასა და აკადემიურ ინსტიტუტებს, ასევე საჯაროდ დაგმოს რუსული რეჟიმის ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და მხარი დაუჭიროს ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ. რეზოლუცია ექვსმა ფრანგმა დეპუტატმა შეიტანა და ევროპულ საქმეთა კომიტეტში განიხილება.
დოკუმენტსა და მის შინაარსს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.