რეზოლუციის პროექტი სენატში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სენატორებმა – ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ჯინ შაჰინმა ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მიერ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას დემოკრატიის გაძლიერებისთვის საქართველოს გზის, მათ შორის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მიმართ.

სენატორები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დაუყოვნებლივ. რეზოლუცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი.

მოუწოდებს პარლამენტის არჩეულ წევრებს, დაიკავონ ადგილები პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს სისტემური რეფორმები.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც ავლენენ ერთიანობას, კონტროლსა და ბალანსს, გამჭვირვალობასა და შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ და სხვა მავნე ზეგავლენას. აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაძლებლობას.

სენატში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია საფუძვლად დაედება აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა. გიორგი ვაშაძის შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება შანსი, თავი აარიდოს პარტიებს შორის დადებული შეთანხმების რომელიმე პუნქტის შესრულებას.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი შეფასება ნეგატიურია. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სენატორების მიერ ოპოზიციის მიმართ მოწოდებამ გააღიზიანა პარლამენტში შესვლის შესახებ.

დატოვე კომენტარი