რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

2024 წლის ნაცვლად, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შესაძლოა უფრო ადრე გააკეთოს. საქართველოს პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს. საქართველოს გაწევრიანების დასაჩქარებლად, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი უკვე დარეგისტრირდა და უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.

„ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – მოწოდება მთავრობისადმი, რომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით ძალისხმევა გაძლიერდეს და ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის სათანადოდ მოემზადოს და მიმართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების დასაჩქარებლად ყველა ნაბიჯი გადადგან.

ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგი სრულფასოვნად მოხდეს.