რეინჯერთა მსოფლიო დღე

დღეს მსოფლიო რეინჯერთა დღეა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე – მათ შორის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე აღინიშნა. ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და  კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას. ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების 25-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. ღონისძიებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს.