რეგულაციების აღსრულება რესტორნებისთვის 

თბილისში უკანონოდ განთავსებული ღია კაფეების დემონტაჟი დაიწყო. აღმაშენებლის გამზირზე უკვე დაშლილია 50-მდე კონსტრუქცია, 30-მდე ღია კაფე კი მთლიანად აღებულია. როგორც მერიაში აცხადებენ, კონსტრუქციების ძალისმიერი მეთოდებით დემონტაჟი საჭირო არ გამხდარა. აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფე-ბარების მფლობელებს თბილისის მერმა დაკავებული ტერიტორიის სრულად გათავისუფლებისკენ ან დოკუმენტაციის მოწესრიგებისკენ 15 აგვისტოს მოუწოდა.

მიზეზი ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართვა გახდა, რომლებიც გადაადგილების პრობლემებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ კონსტრუქციები ხელს უშლიდა როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს. კანონდარღვევით განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი თბილისის სხვა უბნებშიც იგეგმება.