რეგულაციები უცხოელი სტუდენტებისთვის

უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ან მომავალში სურთ სწავლა, ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში, უცხოელი სტუდენტების მიღებისთვის წესდება დამატებითი პირობები, მათ შორის ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა, ან უცხო ენის და სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. იმ შემთხვევაში კი, თუ სტუდენტი ვერ დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს, დაარღვევს შრომითი საქმიანობის პირობებს, ან ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე – კანონით განსაზღვრული ვადით, მას ბინადრობის ნებართვა გაუუქმდება. სწორედ ეს რეგულაციები იქნა განხილული რექტორთა საბჭოზე, რომელიც განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა. მასში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საბჭოს წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებიც განიხილეს.