რეგისტრაცია ჩანაცვლებითი პროგრამის მონაწილეებისთვის
ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც კერძო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობენ, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისთვის სამი დღე რჩებათ.
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, სპეციალურ ვებგვერდზე ან ადგილზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა და მის ტერიტორიულ განყოფილებებში. რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 11 აგვისტოს ჩათვლით არ გაივლიან რეგისტრაციას, საჭირო იქნება მათი თავიდან შეფასება და მკურნალობის დაგეგმვა, რაც უფრო რთული პროცედურაა. ჯანდაცვის მინისტრი და სფეროს სპეციალისტები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც ამ დრომდე კერძო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობენ, მოუწოდებენ, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დროულად გაიარონ. 15 აგვისტოდან ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ.
ცვლილება მიზეზად მმართველი გუნდი კერძო კომპანიების ნაწილის კომერციულ ინტერესს და არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ასახელებს.