რეგიონული კონგრესი
თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის, მეოთხე რეგიონული კონგრესი დაიწყო. ღონისძიების მთავარი თემაა ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. კონგრესი მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, ევროპისა და აზიის დაკავშირებაში და აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე, უსაფრთხო და მზარდ სატვირთო ნაკადებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა. მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნიდან უკვე დასრულებულია 325 კილომეტრამდე გზა. უახლოეს პერიოდში იგეგმება ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალისა და თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მომდევნო ათწლეულის პროგრამა კი – დაახლოებით 460 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზის განვითარებასა და არსებული ქსელის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. რაც დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით განხორციელდება. კონგრესი და გამოფენა თბილისში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.