რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადება

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადებით, კერძო ტელევიზიებს ბიუჯეტის მიმართ 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ.

ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის მიმართ ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო დავალიანება 13 მილიონ ლარს აჭარბებს, „რუსთავი 2-ის“ დავალიანება კი 20 მილიონი ლარია. 200 ათასი ლარის ფარგლებში აქვთ საბიუჯეტო დავალიანება ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ტვ-8“-ს.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში აცხადებენ, რომ მცირებიუჯეტიან რეგიონულ ტელევიზიებს გადასახადების დაგროვების შესაძლებლობას არავინ აძლევს და არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ასეული ლარის დავალიანებაზე მათ ავტომატურად ინკასო ედებათ.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ხელისუფლებისგან მაუწყებელთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს.

დავალიანებასთან დაკავშირებით სხვა ტელეკომპანიები კომენტარს არ აკეთებენ.