საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ქარელის ცენტრალურ მოედანზე ეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. საღამო კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.
დილიდან საახალწლო სამზადისია ასპინძაშიც. კულტურის და დასვენების პარკის მიმდებარედ ეწყობა საშობაო ბაზრობა, სანტას კუთხე და მონტაჟდება სცენა. პატარების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. გაიმართება სასცენო წარმოდგენები, ქიმიური და ცეცხლოვანი შოუებიც. დღის ბოლოს კი ჯგუფი „რეგიონისა“და ანსამბლ „შვიდკაცას“ მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება.