რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები სამმხრივ მინისტერიალზე 

რეგიონში გამწვავებული სიტუაციის ფონზე საქართველოს და უკრაინის პირველი დიპლომატები რუმინეთში არიან მიწვეულები.

ბუქარესტმა რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალს უმასპინძლა, რა დროსაც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო. ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება და აღმოსავლელი პარტნიორების მხარდაჭერაა საჭირო – ეს არის მთავარი გზავნილი საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებიდან. ყურადღების მიღმა არც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება დარჩენილა. უკრაინის აღმოსავლეთში დაძაბული სიტუაციის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დამძიმებული ვითარების ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალის პარალელურად ნატოში საკუთარი ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივას განიხილავდნენ. ბუნებრივია, რუსეთის აგრესია საუბრის მთავარი ხაზი იყო.