რეფერენდუმი ნეიტრალიტეტის შესახებ
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. შედეგი განსაზღვრავს თუ როგორ ითანამშრომლებს შვეიცარია მომავალში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და შეძლებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. რეფერენდუმის ინიციატივით მემარჯვენე „სახალხო პარტია“ გამოვიდა. პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის პრინციპი მნიშვნელოვნად გაფართოვდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარა. ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ვალდებულების ასახვას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარია არცერთ სამხედრო ან თავდაცვით ალიანსს არ უნდა შეუერთდეს და საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, შვეიცარიამ არ უნდა დააწესოს ეკონომიკური ან დიპლომატიური სანქციები კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიღებს.