რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა

74 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი. სამი ათეული წლის განმავლობაში რეჟისორის საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს პირველ არხთან. საქართველოს ტელევიზიაში მან საქმიანობა დაიწყო, როგორც ტელერეჟისორმა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი.

რეჟისორს 70-80-იან წლებში, სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა უკავშირდება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს, სპექტაკლები: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები: ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.

მოამბე