ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება, რომელმაც ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოება და საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ზურა გირჩი ჯაფარიძეს განმარტებებს სთხოვენ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც თქვა, რომ ომსა და მშვიდობაზე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილების ფონზე ოპოზიციამ მოკლე და ეფექტური პასუხი ვერ მოიფიქრა. როგორც ჩანს, ჯაფარიძის ეს კომენტარი გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მისივე კოალიციური პარტნიორებისთვისაც, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციისთვის, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს. სწორედ ამ კონტექსტში ხელისუფლების წინასაარჩევნო რიტორიკაზე და ოპონენტების მხრიდან საპასუხო სწორი გზავნილის ვერ შერჩევაზე საუბარი არასწორ სტრატეგიად ცხადდება. ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციაა, რომ მეორე ფრონტის გახსნის რიტორიკამ საერთოდ არ იმუშავა. გამონაკლისი გახარიას პარტიაა, სადაც არჩევნებს ასევე გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების წინასაარჩევნო გზავნილებს შესაბამისი ეფექტი ჰქონდა.