რატი იონათამიშვილის გამოხმაურება

12:13, 13.08.2026

გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ამ ხალხს მუდმივ დავალებად აქვს ქვეყნის დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი. „მოდით, მარტივად გავაანალიზოთ აგენტურის გუშინდელი ისტერია. დღის განმავლობაში ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა. და რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო მათი ფორმალური სამშობლო, ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს. რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად? ცხადია სასაცილოა, მაგრამ როდესაც ხარ აგენტი, ასეთი აბსურდის მტკიცებას რომ დაგავალებენ, უსიტყვოდ უნდა შეასრულო,“ – წერს იონათამიშვილი.

მსგავსი