რას უკავშირდება დღევანდელი მაჩვენებელი, რამდენ შემთხვევაში ვერ დგინდება ინფიცირების წყარო და დგას თუ არა ქვეყანაში მორიგი ეპიდაფეთქების საფრთხე

„კოვიდ-19“-ის შემთხვევები მატულობს.

ბოლო 24 საათის მონაცემი უკვე ასცდა ერთნიშნა მაჩვენებელს. განსაკუთრებით საყურადღებოა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი, რადგან დღევანდელი ფაქტების ჩათვლით კლინიკას უკვე ექვსი დაინფიცირებული თანამშრომელი ჰყავს. სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ახალ 15 შემთხვევას შორის, ერთის დაავადების წყაროს ვერ ადგენენ. ასეთ პირთა რიცხვი კი უკვე ხუთამდეა გაზრდილი. კორონავირუსის არეალი გაფართოვდა -ეპიდემიოლოგები მუშაობენ გორში, კასპსა და ხაშურში.

შესაძლოა უახლოეს დღეებში ინფცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ლაბორატორიებში ათეულობით შესაძლო შემთხვევის მასალაა გადაგზავნილი. ეპიდემილოგების ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ ახლა ექთნების კლასტერია. მთავარ ამოცანად კვლავ ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის დროულად გამოვლენა და ჯაჭვის გაწყვეტა სახელდება.