ნიკა მელიას შეკითხვაზე მკაფიო პასუხი ყოფილი პრემიერის პარტიაში გასცეს. გიორგი გახარიას გუნდი, ბარიერგადალახული პარტიებიდან პირველია, ვინც რამდენიმეთვიანი გაურკვევლობა დაასრულა და ღიად განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აპირებს ექსპრეზიდენტის „წინააღმდეგობის პლატფორმა“ ხელისუფლება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე დაიყოლიოს, მაშინ როდესაც ოთხი პარტიიდან ერთი-ერთი საკრებულოებში მანდატების მოსაპოვებლად საარჩევნო მარათონში ერთვება. ვითარებას ართულებს „ლელოს“ პოზიციაც, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხის ამ დრომდე არ აფიქსირებს. სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოების პარალელურად, გაირკვევა ვინ ვისთან ერთად და რა გეგმით განაგრძობს პოლიტიკურ ბრძოლას, თუმცა მანამდე, გიორგი გახარიას პარტიამ კითხვის ნიშნები ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტის პერსპექტივაზეც გააჩინა.