რას ედავება გამოძიება სოსო გოგაშვილს

რას ედავება გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამდენიმე საათში გაირკვევა. სოსო გოგაშვილს ბრალს დღის ბოლომდე წარუდგენენ. ადვოკატების განცხადებით, გოგაშვილმა ამ დრომდე არ იცის რა საქმეზეა დაკავებული, თუმცა მომხდარს მის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უკავშირებს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბებას ეხება. უფლებადამცველებს გოგაშვილმა უთხრა, რომ მას ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალები აქვს და ეტაპობრივად გაასაჯაროებს. ადვოკატების ინფორმაციით, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალს სამი მუხლით წარუდგენენ – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს დარღვევა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ „გოგაშვილს იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს და დაკავებისას მასზე იძალადეს“. ყოფილ მაღალჩინოსანს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.