რამდენიმე საათი ევროვიზიის პირველ ნახევარფინალამდე

თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. ნახევარფინალური შოუ ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათი) დაიწყება. ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“  მე-11 ნომრად წარდგება.

ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

შოუს ტრანსლაციას 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.