რამაზან-ბაირამის დღესასწაული

მუსლიმური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში დილით 7:40 საათზე დაიწყო. მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა, რადგან მეჩეთი მსურველებს სადღესასწაულო დღეებში უკვე წლებია ვერ იტევს. მუსლიმი მრევლის მეორე ნაწილი კი ბათუმში იმ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც ისინი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს. რამაზან ბაირამი ერთთვიანი მძიმე მარხვის დასასრულს აღინიშნება. ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა წყლის მიღება. ბაირამის დღეს სადღესასწაულო ლოცვასთან ერთად ისინი უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებს მოინახულებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან.