რამაზ გერლიანის ოჯახის ადვოკატის განცხადება - ოჯახის პოზიცია

რამაზ გერლიანის დამ და ადვოკატმა ავჭალის პოლიციის განყოფილება დატოვეს. ისინი განყოფილებაში პოლიციის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. ადვოკატი გამოძიების გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ბიუროსთვის გადაცემას ითხოვს. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოსტის გაქრობის შემდეგ, შესაძლოა ნაპოვნი მობილური ტელეფონიდან სხვა მტკიცებულებებიც გაქრეს. რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, ინტერესების დამცველის თქმით, იმ დროს, როდესაც რამაზ გერლიანმა პოლიციასთან მანქანა დატოვა, კამერები არ მუშაობდა. შესაბამისად, გერლიანის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ამოღება პოლიციას ახლო მდებარე მარკეტისა და აფთიაქის კამერებიდან მოუწევს.

რამაზ გერლიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გაუჩინარებული ეკონომისტის ძმა და მეგობრები ითხოვენ, რომ კუთვნილი მობილური გახსნან, რომელიც ოფისის ჩხრეკის დროს ამოიღეს და მათი თანდასწრებით, კვლევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. ოჯახის თქმით, უნდა გამოიკითხოს ის პოლიციელიც, რომელზეც რამაზ გერლიანი გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობდა.