რადიო თავისუფლების თანამშრომლების განცხადება

„რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ბიბი-ჯი ვოთჩი ვაშინგტონსა“ და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს. „ბიბი-ჯი“ წერს,  რომ ამის უკან „რადიო თავისუფლების“ ვიცე-პრეზიდენტი და პროგრამირების მთავარი რედაქტორი დგანან. ორგანიზაციის ცნობით, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენტი უკმაყოფილოა, ქართული ბიუროს წინააღმდეგობით. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ქართული ბიუროს დირექტორზე დავით კაკაბაძეზე  თანამდებობის დატოვების მიზნით ხორციელდება ზეწოლა. პირველი არხი დაუკავშირდა დავით კაკაბაძეს, თუმცა მან საკითხზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან გადაგვამისამართა და გვითხრა, რომ რადიო თავისუფლების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე განმარტებას მხოლოდ ცენტრალური ოფისი გააკეთებს. თუმცა ცენტრალურ ოფისში ამბობენ, რომ საკადრო საკითხებზე კომენტარი არ გაკეთდება.