რადიკალური ჯგუფების შეტევა ეკლესიაზე - შალვა პაპუაშვილის წერილი

პოლიტიკურ დღის წესრიგში ეკლესიის თემა აქტიურდება. შობის აღნიშვნის თარიღზე დავამ და წმინდა მატრონას ხატის დაზიანების გამო ურთიერთბრალდებებმა პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლა.

არაერთი გასხვავებული შეფასების შემდეგ თემას პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი წერილი მიუძღვნა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ორივე ფაქტს ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ შეთანხმებულ კამპანიად განიხილავს, კამპანიას კი ოპოზიციის ნაწილის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიერ მართულად მიიჩნევს. შალვა პაპუაშვილის აზრით, კამპანიის მიზანი ხელისუფლების და ეკლესიის რუსეთთან დაკავშირებაა. ოპონენტთა ბრალდებების უსაფუძვლობის საჩვენებლად შალვა პაპუაშვილი წარსულიდან მაგალითებს იშველიებს და ისტორიულ პარალელებსაც ავლებს. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის გზავნილებმა ოპონენტების ტონი კიდევ უფრი გაამწვავა. წერილს და იქ დასმულ მთავარ აქცენტებს ანტიეკლესიურ რიტორიკასა და ეკლესიაზე შეტევებში დადანაშაულებული კონკრეტული პარტიების საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა.