რაჭა სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია - ძლიერი წვიმის გამო ადიდებული მდინარეები და ცენტრისგან მოწყვეტილი ონის რაიონის 12 სოფელი, ჩანგრეული ცენტრალური გზა, წაღებული ხიდები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

ონის რაიონი სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია – 12 სოფელი ამ წუთამდე რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილი რჩება. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონის ადიდების შედეგად მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილზე სულ უფრო მეტი სამაშველო ბრიგადისა და ტექნიკის მობილიზება ხდება საჭირო. ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეების ნაწილი ვერტმფრენით გამოჰყავთ.

ჩანგრეულია ცენტრალური ორკილომეტრიანი გზის რამდენიმე მონაკვეთი, წაღებულია ხიდები და დაზიანებულია წყალმომარაგების ქსელი. რთულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. წყალდიდობის გამო, რთული ვითარება შეიქმნა კურორტ შოვშიც.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთებსა და მედიკამენტებს აწვდიან. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით უკვე დაკომპლექტდა საგანგებო შტაბი, რომელიც ვითარების კონტროლს სტიქიის ზონიდან ახორციელებს.