რა წერია დანიელსონის დოკუმენტში

დოკუმენტი, რომლითაც შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს თითქმის ექვსთვიანი კრიზისის დასრულება ესახება, ხუთ პუნქტს მოიცავს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ან იქამდე მისასვლელი გზა, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, მასში ნახსენები არ არის. ამ შემთხვევაში ავტორი ეუთო-ოდირის დასკვნას ეყრდნობა. თუ „ქართული ოცნების“ შემდეგ შვედი დიპლომატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს ოპოზიციაც მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ყველა პირზე ამნისტიის აქტი გამოიცემა, რაც ავტომატურად ნიკა მელიას გათავისუფლებასაც გულისხმობს. დოკუმენტი ხელისუფლებას ავალდებულებს, გაატაროს ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. მათ შორის იგულისხმება ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევა პარლამენტის ორი მესამედით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შეჩერება. დოკუმენტი კიდევ უფრო ზრდის საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიური სპექტრის როლს. ოპოზიციის ხელმოწერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობის დათმობაც მოუწევს.

დატოვე კომენტარი