რა ვითარებაა ხურვალეთში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

სიტუაციას ხურვალეთთან პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადევნებენ თვალს. ვითარება ადგილზე მშვიდია. ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება აუცილებელი აღარ არის, სოფელთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი რჩება. დასახლება დატოვეს სამოქალაქო აქტივისტებმაც.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას რამდენიმე წევრი, ჟურნალისტებთან ერთად, დღეს სოფელში იმყოფებოდა და მდგომარეობას უშუალოდ გაეცნო. მედიის წარმომადგენლები ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის დამაკავშირებელ გზასთანაც მივიდნენ, რომელიც მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული, სიახლოვეს კი თვე ნახევრის წინ, რუსი სამხედროების მიერ დამონტაჟებული კოშკურა დგას. თუმცა ოკუპანტების გადაადგილებას ან მობილიზებას ადგილი არ ჰქონია.

ჟურნალისტებმა ხუროშვილების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები შენიშნეს. მოსახლეობას შეხვდა დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ადგილზე ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

 

დატოვე კომენტარი