რა ვითარებაა ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - თეონა ხუბულავა დეტალებით

პროტესტი არ წყდება რუსთაველის გამზირზე.

აქცია პარლამენტთან ისევ განახლდა. მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. პერიოდულად ვითარება იძაბება – სამართალდამცავები დემონსტრანტების მიმართ იყენებენ წყლის ჭავლს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ისვრის პიროტექნიკას, ასევე ასხამენ პარლამენტის წინ შადრევნიდან ამოღებულ წყალს. უკვე გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი. მობილიზებულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავები დგანან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლები, წინა დღეების მსგავსად, არც დღეს მიმდინარეობს. პარლამენტთან იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც. მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.