რა თანხით დაეხმარება აშშ საქართველოს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სულ მცირე 132 მილიონი დოლარით დაეხმარება, თუმცა, იტოვებს უფლებამოსილებას, გამოყოფილი ფინანსების 15% გაყინოს, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაადგენს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების და მთავრობაში კორუფციის შესაჩერებელი პროცესები არ მიმდინარეობს. ასევე, მაშინაც, თუ არ განმტკიცდა ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები, არ შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონის უზენაესობა კერძო სექტორისთვის, რაც უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესების და ინვესტიციების დაცვას მოიცავს.