რა რეფორმებს მოიცავს პრეზიდენტის ქარტია  

პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა რამდენი ეტაპს მოიცავს.

ანტიევროპულად მიჩნეული კანონების გაუქმება, ამნისტია აპრილ-მაისში გამართულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების მიმართ, რეფორმები სასამართლოში, იუსტიციის საბჭოში, ძალოვან უწყებებში, ეროვნულ ბანკში, ანტიკორუფციულ ბიუროში, ცესკო-ში – ამ ვალდებულებებს აიღებს საკუთარ თავზე ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზე“ ხელს მოაწერს. პრეზიდენტს მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირება ე.წ. ვეტინგის, ანუ კეთილსინდისიერების და ქონების შემოწმების გზით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შეცვლით წარმოუდგენია. ქარტია გენერალური პროკურორის მაღალი კვორუმით, ასევე ცესკო-ს და მისი თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას გულისხმობს. ქარტიის ხელმომწერებმა გეგმაში ჩამოთვლილი პუნქტები რამდენიმე თვეში, ანუ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა შეასრულონ და შემდეგ ვადამდელი არჩევნებისთვის მოემზადონ.

ის რაც ევროპული პლატფორმის გარშემო გაერთიანებაა ოპოზიციისთვის, კონსტიტუციის დარღვევა და პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევაა მმართველი გუნდისთვის, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის გადაყენებას ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ დაუჭირა მხარი. ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის ბოლო აქტივობებზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირებას ელოდება.