რა კითხვები ჰქონდა შსს-ს მიხეილ ხიდაშელთან

ათ საათზე მეტ ხანს პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს მიხეილ ხიდაშელი. სამართალდამცველებმა ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ზვიად კუპრავამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, მისი სახელი დაასახელა და განაცხადა, რომ სწორედ ხიდაშელის ინფორმაციით, მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება.

კუპრავამ მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა, სადაც, სავარაუდოდ, მისი და აქციის მონაწილეების საუბარი ისმის. ზვიად კუპრავას განცხადებითვე, ხიდაშელი სუს-ის ყოფილი თანამშრომელია. ეს ინფორმაცია მოგვიანებით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში კატეგორიულად უარყვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, ხიდაშელი დაკითხვაზე 180-ე, თაღლითობის მუხლის საფუძველზე იმყოფება. კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას მასთან, ხიდაშელს უწყების დატოვების შემდეგ, მედიასთან არ დაუკონკრეტებია.