ომი უკრაინაში გრძელდება – უკრაინელმა სამხედროებმა ღამით ოთხი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი რუსეთმა ბელგოროდის რაიონიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით გაუშვა.
პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „საუბარი მქონდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, კერძოდ, ავდეევკასა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე. ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში მთავარი ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავამარცხოთ რუსული ბოროტება და დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინული სიცოცხლე“, – განაცხდა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქ ავდეევკას დატოვება დაიწყეს, ამის მიზეზი კი შექმნილი ოპერატიული ვითარება გახდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ მათი გამოყვანით თავიდან აირიდეს უკრაინელი ჯარისკაცების ალყაში მოქცევა.