ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშები დაუშვეს ორბელიანების სასახლეშიც. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა დაშვებულია პარლამენტის სასახლეზე, ყველა სახელმწიფო შენობაზე, ასევე, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი. დაშავდა 2 232 პირი. 30 ათასი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.