ქვეწარმავლების პრობლემა - სპეციალისტების რეკომენდაციები 

ქვეწარმავლები თბილისში.

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად მოქალაქეები გველების მომრავლებას უჩივიან. სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში უკვე არაერთი ფოტო გავრცელდა – გველებს ხშირად ქალაქის ცენტრალურ უბნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიაზე აფიქსირებენ. შესაბამისად, მერიის შესაბამის სამსახურში მიმართვიანობამ იმატა. განსაკუთრებით – თბილისის შემოერთებული ტერიტორიებიდან. ძირითადად გავრცელებულია რამდენიმე სახეობა, რომლებსაც სპეციალისტები უსაფრთხოდ მიიჩნევენ. თუმცა მაისში დედაქალაქში შხამიანი გველის დაჭერის რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა. მარტო წელს ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ადამიანებზე თავდასხმის და კბენის 10 ფაქტი. მათი დიდი ნაწილი კახეთსა და ქვემო ქართლზე მოდის.