ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი 

18:35, 14.08.2026

ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი შენდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი, უკვე სრულად არის გაჭრილი. გვირაბებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს. აქტიური სამუშაოები გრძელდება ასევე 166-მეტრი სიმაღლის თაღოვან ხიდზე. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც ავტოტრანსპორტისთვის წლის ბოლომდე გაიხსნება. შედეგად, გარდა შემცირებული მგზავრობის დროისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც კურორტ გუდაურამდე, ისე სტეფანწმინდამდე გადაადგილების უსაფრთხოება და საიმედოობა, და ზამთარში ზვავსაშიშროების გამო აღარ შეიზღუდება. ასევე –  ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას, მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. პროექტი აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს.  დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე განმარტება გააკეთა, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც ხიდის მშენებლობას ეხება. მან მოუწოდა ყველას დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი შეიკავონ.

მსგავსი