ქვეშეთი–კობის გზაზე თაღოვანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა
ხადას ხეობაში, თაღოვანი ხიდის ორი ნაწილი შეერთდა და 300 მეტრი სიგრძის თაღის მშენებლობა დასრულდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან — 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს. მშენებლობის მომდევნო ეტაპზე თაღზე ხიდის ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება კონსტრუქცია, რომელზეც საავტომობილო გზა გაივლის. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და ბანკის მისიის წევრებთან ერთად გაეცნო. თაღოვანი ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა.