ქუთაისში „ვიზ ეარის“ მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს „ვიზ ეარის“ მეორმილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს. ანა ჰეინცი ქუთაისში დორტმუნდიდან ჩამოვიდა. მეორმილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და „ვიზ ეარის“ ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი დახვდნენ. მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა. ანა ჰეინცსა და რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და ჩირი გადასცა.