ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა, თუმცა ორგანიზატორები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ. „შეწყდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს“, – ამ მოთხოვნებით, რიონის ხეობის მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ხეობის მცველებმა არა თუ შეცვალეს პოზიცია ჰესის კასკადთან დაკავშირებით, არამედ დამატებით, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც დააყენეს. გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, საპროტესტო ტალღა იმერეთიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს და უკვე პრემიერის გადადგომასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ ხელისუფლებას გააუქმოს ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან. ორგანიზატორების ინფორმაციით, შემდეგი საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია.

მოამბე

დატოვე კომენტარი