ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, კომპანია, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული ვადები დაარღვია, 140 ათასი ლარით დაჯარიმდება.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემაც. გიგა შუშანიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგად ბიუჯეტს ზარალი მიადგა. შუშანიას განცხადებით, მერიამ კომპანიას 86 ათასი ლარით გაუზარდა დაფინანსება და სამუშაოების შესასრულებლად ვადა ორი თვით გადაუწია.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მარტის თვის ბოლოს დაიწყო და სამი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. პროექტი გზის საფარის შეცვლას, ტროტუარების მოწესრიგებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას ითვალისწინებდა.