ქუთაისის აეროპორტის იუბილე

15:33, 29.09.2026

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებასთან ერთად აღინიშნება Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაარსებიდან 10 წლისთავიც. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედ კომპანიებს და პარტნიორ ობიექტებს მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები აქვთ. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში, ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. ევროპული მიმართულებების ძირითად ნაწილს Wizz Air ასრულებს. ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი 14 წლის წინ შეასრულა და დღემდე აეროპორტის სტრატეგიულ პარტნიორად რჩება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურულ განვითარებას აგრძელებს. დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ, აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის.

მსგავსი