საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რაც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239 500 000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა კი 17-მდე გაიზრდება. პრემიერ-მინისტრი გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს. 2026 წლის პირველი კვარტალიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 17 ქვეყანაში 32 მიმართულებით სრულდება.