ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ავიამიმართულებით შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს.

მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით შეასრულებს, ესენია: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.