„ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი პირების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავა, ორ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით, ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.