წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულში მხილებული ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ მარნეულში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც დიდი ოდენობით ფულად თანხას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში, მარნეულში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაც გაქურდეს, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.